logo
ENG



განათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს

11 მაი 202214:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში დაასრულოს.

ამასთანავე, სამინისტრო მოუწოდებს თსუ-ს ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა - უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებლებში თავისუფალი ადგილების ათვისება და სტუდენტთა განთავსება.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო. მიზეზად სტუდენტები ბინების გაძვირებულ ფასებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.


close დახურვა