საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, ასოციაცია ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციასა და კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მსვლელობას შეუერთდება.
როგორც ქოქიაშვილი Facebook-ზე წერს, სექტორი მთავრობის მიერ შესამუშავებელ გეგმას ისევ ელოდება, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.
ქოქიაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები "სარესტორნო ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილების იმიტაცია იყო".
"ვთვლით, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვეულ მანევრს, რისი მიზანიც იყო ნაწილობრივ, პროტესტის მუხტის ჩაქრობა და ნაწილობრივ, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვების მცდელობა. აქვე ვაცხადებთ , რომ თუ ამ გეგმის შესაქმნელად მთავრობაში არ არსებობს კომპეტენტური ინსტიტუცია, მზად ვართ დავეხმაროთ მათ და შევიმუშაოთ კრიზისიდან გამოსვლის ეფექტური, დარგის წარმომადგენლების და სპეციალისტების მიერ შემუშავებული გეგმა.
ვიზიარებთ პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველა სხვა სექტორის პროტესტს , მათ შორის: ფიტნესის ცენტრების , ბავშვთა გასართობი ცენტრების, მუსიკოსების, თეატრების და ა.შ. მხარს ვუჭერთ აღნიშნულ სექტორებში რეგულაციების მოხსნას და ქვეყნის ეკონომიკის სრულად ამოქმედებას. ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით საბოლოო შედეგების მიღწევამდე!
• ვუერთდებით 6 თებერვლის საპროტესტო აქციას!
• ვუერთდებით "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მსვლელობას", - წერს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ის სექტორის მოთხოვნებსაც ასახელებს:
◦ შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა;
◦ კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა 12:00 საათამდე ;
◦ შიდა სივრცეების გახსნა ;
◦ 2 წლიანი საგადასახადო შეღავათები ;
• თანამშრომლების ძველი ხელფასების კომპენსანცია სრულ გახსნამდე ;
◦ ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.
"ვითხოვთ, ერთი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ წარგვიდგინოს კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა და დააკმაყოფილოს ჩვენი სექტორის ყველა მოთხოვნა", - ამბობს ქოქიაშვილი.
ფორმულას კითხვას: "აპირებენ თუ არა რესტორნები ხვალ დაუმორჩილებლობას და მუშაობის დაწყებას", ქოქიაშვილა უპასუხა, რომ არა, თუმცა თუ 15 თებერვლის შემდეგ რესტორნები სრულფასოვნად ვერ შეძლებენ მუშაობის დაწყებას, ისინი დაუმორჩილებლობის აქტს მიმართავენ.
ცნობისთვის, ხვალ, 6 თებერვალს, კომენდანტის საათის დროს მოძრაობა სირცხვილია დაუმორჩილებლობის მარშს მოაწყობს.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა, გახსნას ან გახსნის გეგმას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამსახურის და შემოსავლის გარეშე 250 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს სფერო დროზე არ გაიხსნება, კაფე-ბარების და რესტორნების უდიდესი ნაწილი გაკოტრდება და ფუნქციონირებას ვერც აღადგენს.