თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთი ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძეა. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, ლუკა ლომაძე, რომელიც ფეხბურთელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნ.ძ. ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.