ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი „საზღვრის“ გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ექიმი დავით ღვინიაშვილი „ფორმულანიუსთან“ საუბარში ადასტურებს.
14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. მათი ინფორმაციით, ექიმი თავს კარგად გრძნობს.
„მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე,“ - განაცხადა ექიმმა დავით ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.
გატაცებულ ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.