გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ თბილისში აქციების პარალელურად შიმშილობას იწყებენ.
მაღაროელები აცხადებენ, რომ გადაწყვიტეს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობას გააგრძელებენ, სანამ მათი პირობები არ შესრულდება.
"პარლამენტთან კარვებში დაიწყება შიმშილობა და შიმშილობა დაიწყება უვადოდ. ეს იმ უსამართლობაზე გამოხმაურებაა, რაც დღეს ჭიათურაში ხდება. ამიტომ ჩვენ ამ უსამართლობისთვის ბრძოლაში ყველანაირი ფორმით ჩავერთვებით" - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელების ნაწილი უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.
გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდნენ და პარლამენტის შენობასთან მაღაროელები აქციას მართავენ და ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.