შემოსავლების გარეშე დარჩენილი მძიმე დროების ფერმერები და გაჩერებული ბიზნესი - ქვეყანა კოვიდ-19-ისგან მიღებულ ზარალს ითვლის. მცირე ბიზნესის სხვა უამრავი წარმომადგენლის მსგავსად, მწვავე პრობლემის წინაშეა ახალგაზრდა წყვილი, რომლებსაც სალათის ფურცლები მოჰყავთ. მათი პროდუქტი სარეალიზაციოდ სამ დღეში იქნება მზად, თუმცა გაყიდიან თუ ვერა, მათივე ხელით მოყვანილ პროდუქციას, რომელსაც სამი თვის განმავლობაში უვლიდნენ, არ იციან. მოვლენების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, დამწყებ ფერმერებს კოვიდ-19-მა ახლად წამოწყებულ ბიზნესზე უარი ათქმევინოს.
მცირე ბიზნესი არ არის ერთადერთი, რომელსაც კორონავირუსმა პრობლემები შეუქმნა. კრიზისის წინაშე დგანან კომპანიები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ბაზარზე წარმატებულად საქმიანობდნენ. „ჰელსელის“ სამკერვალოში, სადაც ცნობილი ბრენდების ტანისამოსები იკერებოდა, დღეს 120 თანამშრომლიდან მხოლოდ 10 მუშაობს. კომპანიას მათთვის მინიმალური ხელფასის გადახდაც უჭირს, რასაც კომუნალური გადასახადებიც ემატება.
რა გველოდება წინ და როგორ შეიცვლება ქვეყანა პანდემიის შემდეგ - კითხვაზე პასუხის გაცემა ყველას უჭირს. გაზრდილი სიღარიბე და უმუშევრობა, გაკოტრებული ბიზნესი და ნაკლებად კონკურენტუნარიანი სახელმწიფო - სავარაუდოდ, ასეთად წარმოუდგენია საქართველო ეკონომისტების ნაწილს.
მმართველმა გუნდმა კრიზისთან საბრძოლველი გეგმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 1 თვის შემდეგ წარადგინა, თუმცა მასში არაფერი თქმულა იმაზე, რა ბედი ელით ფერმერებს, რომლებიც მოსავალს ვერ ყიდიან. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან ვიგებთ, რომ ხელისუფლება დახურული ბიზნესის ეტაპობრივად გახსნას აპირებს. პირველ ჯერზე ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება და ღია ტიპის ბაზრების საქმიანობა აღდგება. ეკონომიკური საქმიანობის ბოლო ეტაპი ივლისის დასაწყისში უწევს. ყველაზე ბოლოს მუშაობას სასტუმროებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აზარტულ და გასართობ სექტორებში მომუშავე ადამიანები შეძლებენ. მანამდე კი მათ და სხვა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვეში 200 ლარით დაეხმარება. თვითდასაქმებულები კი ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. ეს მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 206 ლარს შეადგენს, პროდუქციაზე ფასები კი, დღითიდღე იზრდება.
ხელისუფლებას ბიზნესმა კრიზისის მარტივად გადასატანად საკუთარი ხედვები არაერთხელ შესთავაზა. კერძო სექტორი მთავრობისგან გადასახადების შემცირებას, რიგ შემთხვევებში კი გაუქმებას, ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფნების გაუქმებას, საპენსიო შენატანის 6 თვით შეჩერებას, ტურიზმისა და რესტორნების სფეროში მოღვაწე კომპანიების საკრედიტო ვალდებულებებზე მორატორიუმის გამოცხადებასა და ბიზნესის განვითარების საბჭოს შექმნას დღემდე ითხოვს. ბიზნესი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების მოლოდინშიცაა.
მართალია, მსოფლიოს მთავარი მიზანი ახლა კოვიდ-19-თან გამკლავებაა, თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ ვირუსი თუ ვერა, შეიძლება, შიმშილი მოერიოთ.