logo
ENG



გახარია: აბაშიძე-კარასინის ფორმატმა თავი არ ამოწურა, ცალმხრივიც რომ იყოს, უნდა გამოვიყენოთ

24 დეკ 202016:27
3 წუთის საკითხავი
clock 682

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავი არ ამოუწურავს.

კითხვა, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავი, გახარიას საპარლამენტო მოსმენისას ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ დაუსვა. 

პრემიერობის კანდიდატის თქმით, ხსენებულ ფორმატზე უარი არ უნდა თქვან და მაქსიმალურად გამოიყენონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცალმხრივი იქნება:

"სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს, ეს ცოტა ისეთი საკითხია. მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. სულაც ცალმხრივი რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. ამიტომ, ეს არხი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  

აბაშიძისა და კარასინის შეხვედრების ორმხრივი ფორმატი კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მას ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევს და გაუქმებას ითხოვს. 

ამ ფორმატში გამართული შეხვედრა და მისი შედეგები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნოემბრის ბოლოსაც მოექცა - ონ-ლაინ შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამის თაობაზე არაფერი იყო ნათქვამი. პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა ამ ფორმატის და ბოლო შეხვედრის შინაარსის გასაპროტესტებლად აქციები დაიწყეს, ზურაბ აბაშიძემ კი თქვა, რომ 2019 წლის მოვლენებზე საერთოდ არ უსაუბრიათ და ეს "რუსული მხარის ინტერპრეტაცია" იყო. 

 


close დახურვა