გახარია-საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპოლიციო ძალები და არაფორმალური დაჯგუფებები უმიზეზოდ ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე. მისივე თქმით, ქართული ოცნება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას.
გახარია ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა, მისივე თქმით, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები ივანიშვილის მძევლები არიან.
"ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. იტაცებდნენ უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობდნენ და ეს იყო ყველა ნორმის, ადამიანის უფლებების გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.
ფაქტობრივად, ის, რაც დღეს ხდება, ყველანაირ კონტროლსა და კანონს მიღმაა. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად ქაოსის საზღვარზე ვდგავართ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილს, როგორც ჩანს, მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და ამ სისტემაზე უკანონო დავალებებით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა, ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც დღეს არის დაპატიმრებული. უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც არიან ივანიშვილის მძევლები.
დღეს, ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი ამ ადამიანების, ესენი 500 ადამიანი და ცოტა მეტია, არ ვიცით რამდენია დაშავებული ან სად მკურნალობენ. ფაქტობრივად, დღეს, დე ფაქტო ხელისუფლება ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე", - აღნიშნა გახარიამ.
ამასთან, გახარია ტელეკომპანია იმედსა და რუსთავი 2-ს გამოეხმაურა, და აღნიშნა, რომ ამ არხის ჟურნალისტები არაფრით განსხვავდებიან იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობენ.
"ჩვენ, ძალიან სახიფათო საზღვართან მივედით და ამიტომ, თითოეული საქართველოს მოქალაქის მოვალეობა და ვალდებულებაა ის, რაც ჩვენ გაგვაჩნია სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებაა დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, დღეს ბევრად უფრო მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ეს უნდა იყოს საქართველოს ყველა ქალაქში.
მინდა გითხრათ იმედსა და რუსთავი 2-ს, თქვენ არაფრით განსხვავდებით იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. როცა პარალელურ რეალობას ჰქმნით, ეს არის იმ საფუძვლის და გამართლების მოძებნა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს.
მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოს, მე ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა. ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით საქართველოს და საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს ან გულგრილი იყოს მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ძალადობენ და დახმარება არ გაუწიოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით დღეს რა ხდება, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია ემსახურება არა მოქალაქეს და სამშობლოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის", - განაცხადა გახარიამ.