logo
ENG



გახარია: ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს

29 ოქტ 201918:29
3 წუთის საკითხავი
 
xqj2bfa6ct2b43o.jpg

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინვესტიცია წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების შესახებ გააკეთა განცხადება. წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს. წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს,“ - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში არსებულ ყველა სასტუმროსა და აბანოს ყიდულობს.

„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს,“- წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის განვითარების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს, ასევე, დაკმაყოფილდება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებიც.


close დახურვა