ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებაზე საუბრობს.
გახარია ამ ცვლილებაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გაძლიერებას თავადაც შეუწყო ხელი.
გახარიას განცხადება სრულად:
"18 თებერვალს ორი წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ ოცნება ვერ დავარწმუნე. ვერ დავარწმუნე, რომ დავშორებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს. დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო მათი მიზანი.
ამ ორი წლის განმავლობაში, ბევრი ცვლილება მოხდა - სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, ორი წლის თავზე, სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო;
ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან უბრალოდ თავისუფალი აზრისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ. ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა - უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ თანამედროვე ევროპის ნაწილი.
შესაძლებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და რომელზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები; რომელსაც ვიმსახურებთ და რომლის ფასი უკვე რამდენჯერმე ომით რამდენჯერმე გადავიხადეთ. დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა.
ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია - საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?! ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც მის უკონტროლო ძალაუფლებას შეზღუდავს და ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. ერთის მხრივ, ოცნება ფაქტობრივად გვეუბნება, რომ სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ფული იყოს დაცული. მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობა გვეუბნება, რომ სახელმწიფო მიშა სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს.
ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით.
რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, დაბალანსებული და ფრთხილი საგარეო პოლიტიკა მაგრამ, სინამდვილეში ოცნების ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს - დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე, გვტოვებს პირისპირ რუსეთთან. სამწუხაროდ, დღეს, საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. გარბიან არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო. გარბიან ევროპაში, ამერიკაში, იქ სადაც საკუთარ მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ დარჩენა სამშობლოში, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში.
ამ გამოწვევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წვლილი და პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და ოცნების ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ!
დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ და გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას იმსახურებს"- ამბობს გახარია.