პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოლიგარქმა ღიად განაცხადა, რომ საკუთარი ფულის დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა.
"ივანიშვილმა თავად თქვა, რომ საკუთარი ფულის, მილიარდების დასაცავად ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობდა. ჩვენ ამას ვხედავდით, რადგან რიგში დააყენა პრემიერი, პარლამენტის თავჯდომარე და ბევრი სხვა, რომლებსაც თავისი ფულის დასაცავად ალაპარაკებდა. მაშინ, როცა არაფერი გამოუვიდა, გამოვიდა და წერილი მიუძღვნა შვეიცარიულ ბანკს, აშშ-ს და ა.შ.", - განაცხადა გახარიამ.
ტვ იმედის ეთერში ივანიშვილი გახარიასა და მის გუნდს გასამართლებით დაემუქრა და აღნიშნა, რომ "სასამართლოს დონეზე აქვთ" დოკუმენტები დალაგებული. გახარიამ განაცხადა, რომ ისეთი სასოწარკვეთილი ადამიანის მუქარებს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, პასუხს არ გასცემს.
"ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი. თუმცა პირველად, რაც მოხდა არის ის, რომ ეს კაცი საჯაროდ გამოვიდა და იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებითა და დაჭერებით. რაც მთავარია ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც უკვე ყველას ეჭვი ეპარება, არანაირი მუქარის განმახორცილებელი არ არის. მე მას პასუხს არც კი გავცემ, რადგან ეს პირდაპირ აჩვენებს მოქალაქეებს არჩევნებამდე 4 დღით ადრე, თუ რა დღეშია და ვის დღეშია ქვეყანა", - აღნიშნა გახარიამ.