ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედი პოლიტიკურად მართული ტელევიზიაა.
ეს განცხადება გახარიამ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ტელეკომპანია იმედის და PosTv-ს წარმომადგენლები არ მივიდნენ.
"დღეს უთქვამთ, შეხედეთ რომელი ტელევიზიები აპიარებენო და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელი გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ იმედი არ არის. ეს რას აჩვენებს იცით? ეს ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ იმედი პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ როდესაც 4 თვის უკან დიდი სიამოვნებით იყო ნებისმიერი კარი იმედის ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა. ძალიან გამიკვირდა, რუსთავი 2 რომ მოვიდა, მადლობა მათ, ვაფასებ", - განაცხადა გახარიამ.
მთავარი არხის კითხვას - "აქამდე იცოდა თუ არა, რომ იმედი პოლიტიკური ტელევიზია იყო“, გახარიამ უპასუხა, რომ "ეჭვი ეპარებოდა".
რაც შეეხება კითხვას - რაზე მიანიშნებდა ამ კონტექსტში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხსენებისას, ყოფილა პრემიერმა ასე უპასუხა: "რუსთავი 2-მა მაგალითად ჩვენი პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია პირდაპირი ეთერიდან მოხსნა 5 წუთით ადრე ვიდრე სიგნალი გადაიცემოდა. ცოტა გაურკვეველი იყო ეს ჩემთვის".