logo
ENG



გახარია: მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულების შეწყალება მიუღებელია

05 ოქტ 201918:18
3 წუთის საკითხავი
 
laucnau2xcj2yky.jpg

ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი შეწყალების წესის გადახედვას მოითხოვს. 

მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულებზე შეწყალება, როგორც მერისთვის, ისე - მოქალაქისათვის - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეწყალებების თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, „შეწყალებასთან დაკავშირებით წესი უნდა შეიცვალოს. თუ კორუფციის ნიშნები გამოიკვეთება, ამაზე მიდის გამოძიება და ყველაფერს გავიგებთ“.

პატიმრების შეწყალებების თემას პრემიერი გახარიაც გამოეხმაურა. მან კალაძის მსგავსად აღნიშნა, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს.

„ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელის ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი.  რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა. ვისი პასუხისმგებლობის საგანია ეს, მხოლოდ პრეზიდენტის თუ არა მხოლოდ პრეზიდენტის, ამას გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. 

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეწყალებულთაგან ერთი პირი ვერ გათავისუფლდება, რადგან ის ძებნილია. 

4 ოქტომბერს „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორისაა არასრულწლოვანთან სექსუალურ ურთიერთობაში ბრალდებული პირიც. 

18 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. მისი თქმით, შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ახსნა-განმარტების უფლება არ აქვს.


close დახურვა