პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ორგანიზაციები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ამოქმედებულ წესებს დაარღვევენ, სახელმწიფოს დახმარებას ვეღარ მიიღებენ.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა, ასეთი ორგანიზაციები ვერც მომავალში დაგეგმილი მხარდაჭერის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
"ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევა, გარდა იმისა, რომ ამას მოყვება უმკაცრესი დასჯა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით, გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას", - თქვა გახარიამ.
მისი თქმით, "ეს არის სრულიად სამართლიანი და ეს არის ის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა".