logo
ENG



გახარია: რაც 30 წელი ვერავინ შეძლო, შეძლო ოცნებამ, დათანხმდა სრულად პროპორციულ სისტემას

21 დეკ 202022:17
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: რაც 30 წელი ვერავინ შეძლო, შეძლო ოცნებამ, დათანხმდა სრულად პროპორციულ სისტემას

ერთპარტიული პარლამენტის ფონზე, საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მეტი მოქალაქის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და უფრო მეტი ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გაჩენილიყვნენ.

როგორც გახარიას თქმით, ქართულმა ოცნებამ გააკეთა ის, რაც უკანასკნელ 30 წელიწადში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შესძლო და დათანხმდა სრულად პროპორციული სისტემით არჩევნებით ჩატარებას. 

„სწორედ ამიტომ და ამისთვის იყო მიმართული  საარჩევნო რეფორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ნიშნავს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, შესაძლო ახალგაზრდა პოლიტიკური ძალებისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის გამარტივებას. სწორედ ამისთვის არის გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ეს შეძლო ქართულმა ოცნებამ, როდესაც დათანხმდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის, გრძელვადიან, თუნდაც საშუალოვადიან  პერსპექტივაში, ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც იყო მიღებული და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არის პროგრესი.

გახარიას თქმით, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მლნ მოქალაქე მივიდა საარჩევნო ყუთთან და მისცა ხმა, რომლის შედეგად პირველად ქვეყნის ისტორიაში საკანონმდებლო ორგანოში 9 პოლიტიკური ძალა მოხვდა, რომელთა დიდი ნაწილიც პროპორციული საარჩევნო სისტემითაა არჩეული. გახარიას თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული პოლარიზაციის ხარისხი, სწორედ ამ მიღწევას უშლის ხელს. 

ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან გეგმავდა, თუმცა 2019 წლის ზაფხულში მას 2020 წლის არჩევნების ამ წესით ჩატარების პირობის დადება მოუწია. ეს სახალხო მღელვარების ფონზე მოხდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ჩაჯდომას მოჰყვა.

თუმცა, მმართველმა გუნდმა პირობა უკან წაიღო და პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო. ამას პოლიტიკური დაძაბულობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერთნენ. საბოლოოდ, რთული პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად, ქართული ოცნება 120/30-ზე სისტემას დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.  ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზეს. 

მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები უწევენ ფასილიტაციას, შეთანხმება ვერ მოხერხდა - ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა ამ დრომდე ერთპარტიულად მიმდინარეობს.

 

 

 


close დახურვა