პრეზიდენტის მიერ ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობის შესარჩევად პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს გახარია - საქართველოსთვის წევრები შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია პრეზიდენტთან შეხვედრით, ზურაბიშვილს მისი სტრატეგიული ნაბიჯები გააცნო და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა, ასევე დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატზე არ უსაუბრიათ.
"ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას აქვს ორი მთავარი წინააღმდეგობა - ერთი, ეს არის ავტორიტარიტარული, ანტი-დემოკრატიული ოცნება და რადიკალური, რევანშისტული იდეები ნაციონალური მოძრაობისგან", - განაცხადა გახარიამ მედიასთან.
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში მთავარია სიმშვიდე, დაუშვებელია დაპირისპირება და არც ერთ პოლიტიკური ძალა არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ ქვეყნის ერთპარტიულად მართვა შეუძლია. მისივე ცნობით, ტექნიკურ მთავრობაში გამოსავალს ხედავს.
"ბოლო პერიოდში, ქართული ოცნება ჩამოიშლილია, იმდენად უსუსრად გამოიყურება, რომ ნაციონალური მოძრაობის ცხელ თავებში ეს რევანშისტული იდეები შეიძლება უფრო გაძლიერდეს. ამიტომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობის რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები", - განაცხადა გახარიამ მედიასთან.
7 ოქტომბრიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.