logo
ENG



გახარია: შოთაძე პროფესიონალია, რომელმაც მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება

18 თებ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში პრემიერი გიორგი გახარია მივიდა. ის პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრება. შესვლამდე გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატზე, ირაკლი შოთაძეზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის პროფესიონალია. 

„ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ღირსეული გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგბელობის აღება“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყეს და პარლამენტს სიმბოლურად წრე დაარტყეს.  


close დახურვა