logo
ENG



გახარია: ჩვენ, ყველანი ერთად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია

09 ნოე 202014:03
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/4n19mcknennaugh.jpg

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

მისი თქმით, გუშინ, 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, "ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა". 

გახარია ამბობს, რომ ოპოზიცია "სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისკენ პირდაპირ მოწოდებას აკეთებდა, რაზე რეაქციაც უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი" 

„ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - თქვა მან. 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, 8 ნოემბრის საღამოს, კორონავირუსის ეპიდემიის და გრიპის და სხვა ვირუსების სეზონზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სპეცრაზმმა ცივი წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე. დააკავეს 19 პირი, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია. 

ოპოზიცია და მოქალაქეები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. 

საპროტესტო აქცია დღეს, 9 ნოემბერსაც გაიმართება რუსთაველის გამზირზე. აქციის ორგანიზატორები ასევე გეგმავენ, დაარღვიონ ჯანმრთელობის დაცვის მოტივით დაწესებული კომენდანტის საათი. ქართული ოცნების გენერალური მდივნის თქმით, თუ კომენდანტის საათი დაირღვევა, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება შესაბამისი იქნება. 


close დახურვა