logo
ENG



გახარია: ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი უნდა იყოს დასჯილი

03 დეკ 201911:51
3 წუთის საკითხავი
 
947404hq2ejwpcz.jpg

პრემიერმა გიორგი გახარიამ  და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური ცენტრი გახსნეს. როგორც გახსნის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აქციებისა და კონტრ-აქციების დაპირისპირების დროს ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი უნდა იყოს დასჯილი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარეს უჭერს მხარს.

გახარიას თქმით, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ, რომ ქუჩაში გადატანილ პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები ჩაითრიონ.

„პირველი, რა თქმა უნდა არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არაა საუბარი. ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი უნდა იყოს დასჯილი. კონტრ-აქცია, აქცია პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე თავისთვის მომგებიან შეფასებას აძლევს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოციური ფონია და მისი გამომწვევი ბევრი რამაა. პირველ რიგში, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პროცესში, ქუჩაში, ჩაითრიონ ახალგაზრდები. ეს ახალგაზრდები შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ეს ქვეყანა უნდა ააშენონ. ყველა ადამიანი, ვინც გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა, მორალურ პასუხისმგებლობაც დაეკისრება“, - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობების „გაბედე“, „შეცვალესა“ და „ქვეყნის სამსახურში“ აქცია გაიმართა, რასაც მმართველი პარტიის კონტრ-აქცია დაუპირისპირდა. აქციის შედეგად კონტრ-აქციის მონაწილეებმა რამდენიმე პირს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სხავდასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიუხედავად აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფისა, აღსანიშნავია, რომ უწყებას "ქართული ოცნების" აქტივისტებიდან არავინ არ დაუკავებია.


close დახურვა