გიორგი გახარიას პარტია არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს არ შეუერთდება. ეს პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
დაუშვილის თქმითვე, მათთვის მთავარი ამოცანა პარტნიორების დარწმუნებაა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ.
"მთავარი არ არის აქცია 16 ივნისს იქნება თუ 20 ივნისს, მთავარია პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს არსებული სიტუაცია და ეს ქვეყანა მართლა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, ჩვენ პირადად არცერთ აქციაში არ ვიღებთ მონაწილეობა"- ამბობს დაუშვილი.
"შინ ევროპისკენ!" - ამ სახელწოდებით, მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.
ამასთან, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე აქცია დააანონსა.