ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში საქართველოსთვის აცხადებენ, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ვატო გვაზავას მოსახლეობასთან შეხვედრაზე განათება გამოურთეს. პარტიის ცნობით, შეხვედრა 16 სექტემბრის საღამოს, ოქროყანაში სპორტულ მოედანზე გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა მობილური ტელეფონების განათებით გაგრძელდა.
"მას შემდეგ რაც პარტია საქართველოსთვის კანდიდატთან შესახვედრად დიდი რაოდენობის მოქალაქეები შეიკრიბენ, მოედნის განათება ყველასთვის მოულოდნელად გაითიშა. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი განათება აღდგა. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა", - წერია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გახარიას გუნდის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.
7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი მათ წევრებს და მხარდამჭერებს სისტემურად ავიწროებს, აშინებს, ემუქრება და პარტიის დატოვებას ამ ფორმით აიძულებს.