logo
ENG



გეგმა უცვლელია, გაგრძელდება აქციებიც და პიკეტირებაც - ოპოზიცია

01 დეკ 201912:04
3 წუთის საკითხავი
 
cklq2vwedtk33li.jpg

ოპოზიციური გაერთიანება საპროტესტო აქციებს განაახლებს. ხელისუფლებასთან გუშინდელი უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სამომავლო გეგმებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს 5 საათზე იგეგმება. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებას დიალოგი არ სურს და ეს აშკარაა. 

"ჩვენი გეგმა უცვლელია და გაგრძელდება საპროტესტო აქციების და პიკეტირებასაც, რადგან გუშინ ვნახეთ რომ ხელისუფლება შეხვედრაზე მოსული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ქულები ჩაეწერა. არადა,  ჩვენ მივედით კონკრეტული გეგმითა და გამოსავალით. არ სურს ხელისუფლებას დიალოგი? სხვა ფორმატი არ დაგვრჩა იმის გარდა, რომ განვაგრძოთ ქუჩის საპროტესტო აქციები", - აღნიშნა უდუმაშილმა. 

გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებთან თავიანთ პოზიციებსა და არგუმენტებს  არ აგზავნის, რადგან საკუთარ სიმართლეში თავად ეპარება ეჭვი. 

"ხელისუფლება ამბობს, რომ არ სურს პროპორციული სისტემა და აქ ერთი მომენტიცაა. გაჯიქება, რომ ჩვენ არ გავაგზავნით არსად და არავის ვთხოვთ ამის შეფასებას მაშინ, როცა თუ შენ გაქვს მყარი პოზიციები, იცი რომ მართალი ხარ, მაშინ რატომ უნდა მოერიდო. ვფიქრობ, ეს პასუხები რეალობას აცდენილია. ქვეყნის ინტერესია, რომ იყოს ნორმალური საარჩევნო სისტემა, რაზეც არსებობს დაპირება და ეს დაპირება უნდა შესრულდეს", - აღნიშნა წერეთელმა. 

ცნობილია, რომ მომდევნო მასშტაბური საპროტესტო აქცია მომდევნო კვირასაა დაგეგმილი. პროტესტის სავარაუდო ტარიღი 9 დეკემბერია. 


close დახურვა