როგორ უნდა გამოსწორდეს გელათის რესტავრაციის პროცესში დაშვებული ხარვეზები და შეჩერდეს ტაძრის დაზიანების პროცესი? საკითხზე დღეს პირველი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტის ავტორები და ხელოვნებათმცოდნეები მონაწილეობდნენ. სპეციალისტები ტაძარში შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებენ და დროულად რეაგირებას კატეგორიულად მოითხოვენ.
გაფართოებული შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ფორმულას ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ რამდენიმე კვირაში საგანგებოდ ჩაინიშნა. საზოგადოებამ ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე, უხარისხო კრამიტზე და მისი ჩამოცვენის შესახებ მედიით გაიგო. მოწვეულმა ხელოვნებათმცოდნეებმა ძვირადღირებული სარესტავრაციო სამუშაოების პასუხისმგებელი პირები ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე გააკრიტიკეს და პირველი კომენტარები შეხვედრის დაწყებამდეც გააკეთეს.
სხვადასხვა უწყებები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბრალეულობა ამ შემთხვევაში კომპლექსურია. გელათში ჯერ ისევ წყალი ჩამოდის და კრამიტი ცვივა. შეაჩერებს თუ არა დროებითი გადახურვა პროცესებს ეს მოგვიანებით გამოჩნდება. მანამდე კი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს, თორემ უნიკალური მხატვრობის აღდგენა მერე უფრო გართულდება და ასე ძეგლმა შესაძლოა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში სტატუსი დაკარგოს.