logo
ENG



გელათში უცხოელი ექსპერტები ჩავიდნენ, ისინი მონასტრის მდგომარეობის შესწავლას იწყებენ

12 მარ 202412:49
3 წუთის საკითხავი
 

გელათის სამონასტრო კომპლექსში უცხოელი ექსპერტები - კედლის მხატვრობისა და მოზაიკის სპეციალისტები ჩავიდნენ. ისინი მონასტრის მდგომარეობის შესწავლას იწყებენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ კომპლექსის სიღრმისეულ შესწავლას დრო სჭირდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაკვირვებისთვის ერთი წელი დასჭირდებათ.

"როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, საჭიროა დრო. დრო იმისთვის, რომ შევაფასოთ მდგომარეობა. ყველაფერი წინაა" - ამბობს რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრის წარმომადგენელი ანდრეინა კონსტანცი კობაუ.

გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. თავდაპირველად ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ დროებითი კონსტრუქციის პირობებში გელათის მონასტრის ტაძრებში უკვე მესამედ ჩავიდა წყალი. ამჯერად ნალექმა ტაძრის იმ შესასვლელში ჩააღწია, სადაც უძველესი, მეთორმეტე საუკუნის ფერწერაა.

15 თებერვალს სტიქიის შედეგების შესასწავლად გელათში კიდევ ერთი სპეციალისტების ჯგუფი ჩავიდა.

***

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო. 

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.


close დახურვა