ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე BBC-ის საგამოძიებო მასალას "აბსურდსა და სიცრუეს" უწოდებს.
ასევე, ის უარყოფს ყოფილი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, BBC-ის საგამოძიებო ფილმში ნახსენები ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს.
ის ამტკიცებს, რომ პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტაციას, შესყიდვას და "სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ საქართველოში შსს-ს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი".
"გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი.
2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი. [...] რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში ბოდიში და იჭორავა და ამაზე რაღაც პროცესები აიგო. მე დარწმუნებით, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა დოკუმენტაცია შეგვიძლია გამოძიებას გადავცეთ, რომ არ არსებობს, საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ. კამიტი. 2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, სხვადასხვა სახის და არა კამიტი", - ამბობს ის.
გელა გელაძის მტკიცებით, "აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული".
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
