დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ პირდაპირ დაკავშირებულია ფორმულასთან და წინასაარჩევნოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა. ეს გელხაურმა ფორმულას ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ტელეკომპანიას პრობლემები შეუქმნას.
"სამი წლის შემდეგ ეს საქმე იმიტომ ჩამოიღეს თაროდან და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ისე განიხილა ეს საქმე, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანია ფორმულას და მის სარედაქციო პოლიტიკას შექმნოდა. ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების აღსრულებასთან. რეალურად, აქ არის თავისუფალი სიტყვის დევნა, კრიტიკული ტელევიზიის გაჩერება და დაყადაღება," - ამბობს გელხაური.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს და ეცდება, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნას.
"ვერ გეტყვით თავდაცვის სამინისტრო როდის აპირებს, რომ სასმართლოს მიმართოს და სავარაუდოდ, ამ სარჩელთან ერთად მოითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასაც, რასაც ყადაღა ჰქვია და ზუსტად აქედან გამომდინარე, შეექმნება ფინანსური პრობლემები ფორმულას. არ აქვს მნიშვნელობა, ფუნქციონირებაში, ხელფასების გადახდაში თუ ა.შ. ამ ფორმით ახდენს ხელისუფლება დევნას თავისუფალი სიტყვის მიმართ",- ამბობს გელხაური.
არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.
7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.
პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.
იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ - ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.
ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო.
დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება "ყველა ფაქტს გასცემს პასუხს".