საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დღეიდან დაიწყო. საბჭოში წარდგენილ 17 კანდიდატს შორის გასაუბრება ანბანის მიხედვით იწყება და ის „ლაივსტრიმით“ გადაიცემა. დღეს 2 კანდიდატის მოსმენაა დაგეგმილი.
როგორც გენერალური პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვიქტორ ახალბედაშვილმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ საბჭოს წინაშე ღირსეულად წარდგება.
„მე მაქვს საბჭოს ობიექტურობის მიზეზი. მაქვს ასევე ჩემი კვალიფიკაციის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების იმედი. მაქვს მოლოდინი, რომ შევძლებ საბჭოს წინაშე ღირსეულად წარდგომას. ყოველივე ეს მაძლევს იმის მოლოდინს, რომ თუნდაც რთული კონკურენციის პირობებში მომეცემა შესაძლებლობა, რომ შედეგიანად ვიასპარეზო. ბატონი ირაკლი შოთაძე მნიშვნელოვანი კონკურენტია, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი კანდიდატებიც არიან“, - განაცხადა ახალბედაშვილმა.
გასაუბრების პარალელურად, აქცია იმართება პროკურატურასთან. უფლებადამცველები სწორედ შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ, ისინი ამბობენ, რომ საპროკურორო საბჭოს მუშაობა ფორმალობაა და გენერალურ პროკურორად შოთაძის არჩევა უკვე გადაწყვეტილია.