logo
ENG



გენპროკურორობის კანდიდატი: მქონდა კონსულტაციები უმრავლესობასთან, გაბიტაშვილი უალტერნატივოა

05 ივლ 202416:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/fbttivze0np566t.jpg

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებამდე კანდიდატურა მოხსნა.

კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ გაიარა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან და დარწმუნდა, რომ უალტერნატივოა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნა. 

გიორგი გაბიტაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილეა.

"გადავწყვიტე, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. გავიარე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან, პროკურატურაშიც. [...] ბატონ გაბიტაშვილს უჭერს 465 კოლეგა პროკურორი და ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. უალტერნატივოა, შეიძლება ითქვას, ანუ, ის იქნება მთავარი პროკურორი", - თქვა გრიგოლ გაგნიძემ.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში გასაუბრებები მეორე დღეა მიმდინარეობს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 ხმას.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი შოთაძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.


close დახურვა