გერმანიის მთავრობამ Ryanair-ის მოთხოვნა, რომელიც გადასახადების შემცირებას ეხება, არ გაითვალისწინა, რის გამოც ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია ბერლინიდან ფრენების 20%-ს გააუქმებს, რაც 750 000 ადგილია.
ავიაკომპანია ბრანდენბურგის აეროპორტიდან გაიყვანს 2 ბაზირებულ ხომალდს და ფრენებს 6 მარშრუტზე შეამცირებს.
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ გერმანიის მთავრობას გასულ კვირას მიმართა, შეემცირებინა საავიაციო გადასახადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრენების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმებით დაიმუქრა.
ავიაკომპანიის ცნობით, იმ დროს, როცა ევროპის სხვა ქვეყნები საავიაციო გადასახადს ამცირებენ ან საერთოდ აუქმებენ, გერმანიამ ახლახანს 24%-ით გაზარდა, რაც ევროკავშირში რიგით მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Ryanair, ასევე, ითხოვდა, შემცირებულიყო ATC-ის (საჰაერო მოძრაობის კონტროლის) მზარდი გადასახადი, რომელიც, მათი თქმით, 2019 წლის შემდეგ გაორმაგდა და გადადებულიყო უსაფრთხოების საფასურის 50%-იანი ზრდა, რომელიც იანვარშია დაგეგმილი.
კომპანია აპირებს, გერმანიის ნაცვლად ფრენები გადასახადების მხრივ იაფი ქვეყნებიდან - იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან გაზარდოს.