გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თავად აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა გაავრცელეს. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, გერმანიამ აფგან მუხთარლის მეუღლე და შვილები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან პოლიტიკურ დევნილებად ცნო.
აღნიშნული ფაქტი დაერთო ეროპულ სასამართლოში არსებულ იმ საქმის მასალებსაც, რომელიც მის ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ. ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა მუხთარლის საქმეში არსებულ სხვა ახალ გარემოებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ვიდეომტკიცებულება საქართველოს პროკურატურამ არ გახსნა და ამ დროისთვის ეს ვიდეომასალები უკვე წაშლილია.
თუ რატომ ვერ გახსნა ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ, ამაზე პასუხი არც ექსპერტიზას აქვს. ჩოფიკაშვილის თქმით, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ საგამოძიებო სამსახურები ლეილას მუსტაფაევას უთვალთვალებდნენ.
მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, აზერბაიჯანულ ციხეში მისი მეუღლის ადგილობრივ ადვოკატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, იგი ბოლო 2 წელია უშედეგოდ ელოდება საქართველოს პარლამენტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„უკვე 2 წელი გავიდა, რაც პარლამენტს ველოდებით შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მაგრამ უწყება პასუხს არ გვცემს. მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს პარლამენტი და რატომ ამბობს უარს ამ კომისიის შექმნაზე - წაშლილია გატაცების ყველა მტკიცებულება, ამიტომ წინ ვერ მიდის გამოძიება. აზერბაიჯანის და საქართველოს საგამოძიებო სამსახურები დღემდე თანამშრომლობენ ამ საქმის გამოძიებაზე, რაც სამარცხვინოა საქართველოსთვის,“- აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.