გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - როგორც Reuters წერს, დღეს კაბინეტმა მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეიზერის მიერ წარდგენილ კანონპროექტს.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს გერმანია უფრო სწრაფად განიხილავს, რაც გამოიწვევს იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციას, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან განცხადებების 99,9% უარყოფილია - მათი თქმით, გერმანიაში თავშესაფარი გასულ წელს საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა.
Reuters-ის ცნობით, მინისტრი განმარტავს, რომ ორივე ქვეყანა უსაფრთხოა, რადგან იქ არ არსებობს "სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს".