დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები გერმენიის ჩრდილოეთში, ქალაქ ვაისენჰაუსში, 3-დღიან სამიტზე (12-14 მაისი) სხვადასხვა საკითხზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ.
განსახილველი თემების ძირითადი ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის საკვებსა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხება.
გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების გარდა შეხვედრაზე მიიწვიეს უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც დმიტრო კულება და ნიკუ პოპესკუ. საქართველო 3-დღიან სამიტზე წარმოდგენილი არაა.
„სტუმრების სიაშია მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუც. მოლდოვა ომის დაწყებიდან ძალიან ბევრს მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისა და ზრუნვის კუთხით. ქვეყნის მხრიდან რეგიონში სიტუაციის შეფასება ასევე ძალიან ღირებული იქნება დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის“ - წერია გერმანიის საგარეო ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.
შეხვედრებში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს ინდონეზიის საგარეო მინისტრიც, რადგან დიდი ოცეულის შემდეგი სამიტი წელს სწორედ ინდონეზიაში იმართება.
ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალური კრიზისად იქცა. 25 მილიონი ტონა ხორბლეული უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით დიდი ნაწილი კი ოდესაში რუსების მიერაა დაბლოკილი
გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს უზრუნველყოფს საკვებით, მათ შორის აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც საკვებზე წვდომა პრობლემურია.
„ამის გამო განვიხილავთ, როგორ მოვხსნათ რუსეთის დაწესებული ბლოკადა და როგორ მივაწოდოთ მარცვლეული დანარჩენ მსოფლიოს“ - განაცხადა ბერბოკმა.
განხილვის ნაწილი იქნება კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
შეხვედრებს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, ვინაიდან ენტონი ბლინკენმა კორონავირუსის გამო დასწრება ვერ შეძლო.
დიდი შვიდეულის სამიტს გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიპლომატები დაესწრებიან.