რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ამბობს, რომ ნავალნის გერმანიაში გადაყვანისთვის ფრენა ყველაზე ადრე 7 საათში შესრულდება.
ცოტა ხნის წინ ომსკში მდებარე საავადმყოფოს მთავარი ექიმის შემცვლელმა ანატოლი კალიჩნკომ ნავალნის გერმანიაში გადაფრენაზე თანხმობა გასცა.
„პაციენტს პოზიტიური დინამიკა აქვს. საკმარისად სტაბილურია. ძმა და ცოლი რისკებს საკუთარ თავზე იღებენ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მისი სხვა სტაციონარში გადაყვანის. ეს დღეს მოხდება,“ - თქვა მან.
ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას პოლიტიკოსის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მთელი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნით რუსი ოპოზიციონერის მეუღლემ იულია ნავალნაიამ დღეს რუსეთის პრეზიდენტსაც მიმართა.
ნავალნი საავადმყოფოში გუშინ, 20 აგვისტოს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში ვარაუდობს, რომ ნავალნი მოწამლეს. მისივე თქმით, მან აეროპორტში ჩაი დალია, ფრენის დროს კი შეუძლოდ გახდა.
ომსკის კლინიკის მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მუხაროვსკიმ დღეს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა.