გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანურლი გამოცემა BILD-ის მასალას ფორმულასთან ეხმაურება და ამბობს, რომ სტატია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათ კარგ თანამშრომლობაზე "არანაირად არ იმოქმედებს".
ელჩის განცხადებით, "ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი".
"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით", - ამბობს ქნირში.
გუშინ, 22 ნოემბერს BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
მოცულობით სტატიაში საუბარია, როგორც წლების განმავლობაში გერმანიის ელჩის მხრიდან მმართველი გუნდის მხარდამჭერ ქმედებებსა და განცხადებებზე, ასევე ელჩის ცოლის შემოსავლის სხვადასხვა წყაროზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ ქნირში ხელისუფლებას NGO-ების კრიტიკისგან იცავს და ამის რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.