logo
ENG



გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინი უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ვერ უკარნახებს

26 მაი 202218:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/sj0s64xrpy36fse.jpg

დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინასთან ბრძოლაში და პუტინმა არცერთი სამშვიდობო შეთანხმების პირობები არ უნდა განსაზღვროს.

შოლცის თქმით, პუტინს იმპერიალიზმის და იმ დროის დაბრუნება სურს, როცა ომი პოლიტიკაში გავრცელებული ინსტრუმენტი იყო და სამყაროსა და ევროპის კონტინენტზე სტაბილურობა და მშვიდობა არ არსებობდა. 

ის აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დაპყრობა ახლა უფრო შორეულად ჩანს ვიდრე ომის დაწყებისას. თუმცა ის აცხადებს, რომ ახლა ის გარდამტეხი მომენტია, როცა არა მხოლოდ უკრაინა არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება დგას რისკის ქვეშ.

„პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი და მე დარწმუნებული ვარ რომ ის ვერ გაიმარჯვებს.

მთელი უკრაინის დაპყრობა ახლა კიდევ უფრო შორეულად ჩანს ვიდრე ომის დაწყებისას“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებების პროცესში პუტინს არ უნდა მიეცეს შეთანხმების პირობების კარნახის უფლება.

„არ იარსებებს ნაკარნახები მშვიდობა. უკრაინა ამას არ მიიღებს და არც ჩვენ მივიღებთ“

შოლცის თქმით, პუტინი სერიოზულად მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს მოლაპარაკებებს, თუ მიიღებს იმ ფაქტს, რომ ომში მისი გამარჯვება შეუძლებელია. ამიტომ, შოლცის თქმით, დასავლეთი უკრაინას ახლა მეტად უნდა დაეხმაროს.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიას კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვს, რომ წიაღისეულ საწვავზე უარი თქვას.

„პუტინმა ეჭვქვეშ დააყენა ის ერთიანობა და ძალა, რომლითაც დიდი შვიდეული, NATO და ევროკავშირი მის აგრესიას უპასუხებდა.

ერთად მუშაობით ჩვენ [რუსეთს] დავუწესეთ სანქციები, რომლებიც უფრო ხისტი და მასშტაბურია ვიდრე ოდესმე დაწესებია რუსეთის ზომის ქვეყანას.

ახლა ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ წიაღისეულ საწვავზე უარი ვთქვათ. ჩვენს საბოლოო მიზანს, რაც 2045 წლისთვის ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტს ითვალისწინებს, პუტინის ომმა დამატებითი სტიმული მისცა“ - განაცხადა შოლცმა.


close დახურვა