logo
ENG



გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტის კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა

04 დეკ 201916:37
3 წუთის საკითხავი
 
ltgculxanreawch.jpg

გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტის კანონპროექტი პარლამენტშია. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ დაარეგისტრირეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი არსებული მწვავე კრიზისიდან გამოსავალია და თუკი ხელისუფლებას მართლა სურს მდგომარეობის განმუხტვა, უნდა აირჩიოს მათ მიერ შეთავაზებული გზა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გერმანული მოდელის ქართულ რეალობაზე ადაპტირებული ეს მოდელი გულისხმობს ხმების თანაბარ განაწილებას და რეპრეზენტაციულია იმისა, ვის რამდენი ხმა მისცა ამომრჩეველმა.

„ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმას. მასში არის გათვალისწინებული გერმანული მოდელი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე შევა პარლამენტში, რამდენ ხმასაც მიიღებს საზოგადოებისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს. ავტორები არიან 30 პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ამიტომ არის სრული კონსენსუსი ოპოზიციურ ფლანგზე და ახლა ბურთი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე. მათ თუ უნდათ გამოსავალი ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან, ეს არის გამოსავალი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მოუწევს კანონპროექტზე მუშაობა და დაპირების შესრულება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი აიძულებს „ქართულ ოცნებას“ მისი ნების განხორციელებას.

„როგორც მორალური, ისე სამართლებრივი საფუძვლები ეცლება „ქართულ ოცნებას“. რომ არ დაიწყოს მასზე მსჯელობა, ეს წავა ეუთოში, ოდირში. ამბობენ, რომ ეს მოდელი არის არაკონსტიტუციური - თუ აღმოჩნდება, რომ არის კონსტიტუციური, გამოდის, რომ ისინი დაუჭერენ მხარს. ვნახოთ რას მოიმოქმედებენ. თუკი ამ დოკუმენტზე დასკვნის მიღების შემდეგ მათ უარი თქვეს დაპირებულ ცვლილებებზე, მაშინ ეს ცვლილებები განხორციელდება ხალხის ძალით", - ამბობს რომან გოცირიძე.

პროცედურის მიხედვით დოკუმენტი, რომელსაც ხელს 30 პოლიტიკური პარტია აწერს, ეუთო-ოდირში სახალხო დამცველმა უნდა გაგზავნოს.


close დახურვა