ბერლინში მდებარე Charite Hospital-მა, სადაც ამჟამად რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი მკურნალობს, დაადასტურა, რომ ის მოწამლული იყო.
ნავალნის მოწამვლისთვის გამოყენებული კონკრეტული ნივთიერება ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, საავადმყოფო მიუთითებს, რომ ნივთიერება "აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის" ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს. იგულისხმება ქიმიური ნაერთი, რომელიც ხელს უშლის ნეიროტრანსმიტერის დაშლას და გაუვნებელყოფას.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ნავალნი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ რუსი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.