logo
ENG



გვარამია: 10:00 საათზე უნდა შევსულიყავი - ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა

28 დეკ 202110:09
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვს პასუხი, შეუშვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

მისი თქმით, ის დღეს 10:00 საათზე ყოფილი პრეზიდენტთან შეუფერხებლად უნდა შესულიყო. 

გვარამიამ გორის ჰოსპიტალთან განცხადება გააკეთა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა: 

"მე აქ ვდგავარ და ველოდები შესვლას, 10 საათზე უნდა შევსულიყავი შეუფერხებლად... ბატონო მიშა, მოითხოვეთ თქვენი ადვოკატის შემოყვანა დაუყოვნებლივ", - ამბობს გვარამია. 

გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან უნდა გადაიყვანონ, რადგან მისივე თქმით, იქ ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება დაცული არაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

"შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა", - წერს სააკაშვილი facebook-ზე.

გვიან ღამით გორის ჰოსპიტალთან იმყოფებოდნენ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატი ნიკა გვარამია. ისინი მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 


close დახურვა