„მთავარი არხის დამფუძნებელი“, ნიკა გვარამია „ევროპული საქართველოს“ ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრები იმყოფებიან.
გვარამია უგულავას საქმეზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, მისი თქმით აღნიშნულ საქმეში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.
„ამ საქმეში დაირღვა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა დარღვეულიყო. პირველი ეფექტურად დაარღვიეს ადამიანის ორჯერ გასამართლების აკრძალვა, ერთი და იგივე დანაშაულისთვის მას ორჯერ აგებინეს პასუხი, ეს არის პოლიტიკური დევნის ღია მაგალითი, როგორ შეუძლია პროკურატურას მართოს პოლიტიკური დევნა. კაცს განაჩენი გამოუტანა იმავე ადამიანმა, ვინც ბრალი წაუყენა როგორც პროკურორმა, ეს არის კატასტროფა, აღარაფერი აღარ დარჩა რაც ამ ხელისუფლებას და სასამართლოს არ დაურღვევია“ - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.