logo
ENG



გვრიტიშვილი: დამოუკიდებელი სასამართლო 100-წლიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად იქმნება

29 ივნ 202219:59
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც ე.წ კლანის წევრადაც მოიაზრება, ამბობს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო 100-წლიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად იქმნება, საქართველოს კი ჯერ ამის მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. 

სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთია, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.

ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა: 

"როცა საუბრობენ, რომ საჭიროა სასამართლო რეფორმა, 2 ძირითად პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას: კორუფცია და მისი რისკები და პოლიტიზირების პრობლემა, ანუ სრული დამოუკიდებლობის არარსებობა. 

საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციაზე საუბარი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ამიტომაც, რჩება მეორე, პოლიტიზირება. როგორც წესი, სრულყოფილი არაფერი არ არის. სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის განუწყვეტელი მუშაობა არის საჭირო. მათ შორის, განვითარებული დემოკრატიების ქვეყნების წარმომადგენლებთან გვქონია შეხვედრები და ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო 100-წლიანი განუწყვეტელი მუშაობის შედეგად იქმნება. ჩვენს სახელმწიფოს და სასამართლოს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს"

დიმიტრი გვრიტიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ის, როგორც მოსამართლე, მოქმედებს ფაქტების და არა აღქმების მიხედვით, ხოლო ხშირად, როცა მას და სხვა მოსამათლეებს აკრიტიკებენ, პრობლემა, რეალურად, კანონმდებლობაა. 

***

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.

მათ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობენ. ლევან მურუსიძე 2018 წლის 27 დეკემბერს უვადოდ განწესდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, მიხეილ ჩინჩალაძე კი 2022 წლის 27 ივნისს მეორედ დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ ერთი - ჩინჩალაძის განაცხადი იყო შესული. 


close დახურვა