logo
ENG



გია ვოლსკი მელიას შესაძლო დაკავებაზე: ყველა საკითხი არის სამართლებრივ ჩარჩოში

13 თებ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს უმრავლესობის წარმომადგენლები აკეთებენ. გია ვოლსკის და მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტიკური დევნა საქმესთან არავითარ კავშირში არ არის.

„ჩვენ უნდა მსოფლიოს დავანახოთ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ პიროვნებასთან, იქნება ის პარტიული თუ უპარტიო არის სამართლებრივ ჩარჩოში“,- განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ ეშინია, რომ ფაქტების შემსწავლელი მისია გიგი უგულავას და სხვა პირების საქმეზე სიმართლეს დაადგენს და სწორედ ამიტომ ისინი ისევ იტყუებიან.

„ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან არ აწყობს ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს ეს არის ფაქტის დადგენა იმიტომ, რომ ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოს მეტყველებენ. ახლა უკვე დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ ფაქტების შემსწავლელმა მისიამ ანუ ევროპარლამენტმა შეიძლება დაადგინოს სიმართლე. ისევ იტყუებიან და აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო ნიკა მელიას „ქართუ“ ჯგუფის ქონების დამალვას ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ საქმეს რამდენიმე წელი იხილავდა და საბოლოო ჯამში გასულ წელს ამ საქმის განხილვა დაასრულა. წარდგენილი ბრალდებებიდან სასამართლომ ნიკა მელია ერთ მუხლში გაამტყუნა და და 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო მეორე უფრო მძიმე მუხლში, რომელიც ჯგუფურად სხვისი ქონების გადამალვას გულისხმობს გაამართლეს. 2019 წლის 30 დეკემბერს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას ითხოვს. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა