საპარლამენტო უმრავლესობა, უცნაურს უწოდებს სახალხო დამცველის განცხადებას, მოსამართლეთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მოიწონეს.
„ცოტა უცნაური განაცხადია იმიტომ, რომ კანდიდატების შერჩევის პრინციპი და ის კანონი, რომელიც განსაზღვრავს ამ პრინციპს, საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული და მე არ მგონია რაიმე შეკითხვა ჰქონდეს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ეს გადაწყვიტა, რასაკვირველია საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ლომჯარიას თქმით, მისმა უწყებამ ამ საკითხზე სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ სარჩელი ეფუძნება, როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ეუთოს ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე მოსამართლეთა შერჩევის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.