logo
ENG



გია ხუხაშვილი: პრეზიდენტი ქვეყნის რეალობას აცდენილია

26 ნოე 201920:34
3 წუთის საკითხავი
 
rup62240rvditlu.jpg

ექსპერტი გია ხუხაშვილი და სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის სალობიეში სტუმრობას ეხმიანებიან. ხუხაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი აცდენილია რეალობას.

პარლამენტის წინ  მიმდინარე აქციიდან სალობიე „ბიასთან“ მომიტინგეების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილის გამო გადაინაცვლა. მრავალათასიანი აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ვახშმობის ამსახველი ფოტო გამოჩნდა. გაირკვა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი უსამართლო საარჩევნო სისტემას აპროტესტებდა, პრეზიდენტი აქციიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით დროს სალობიეში მეგობრებთან ერთად ატარებდა.

სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია" აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მონა ამ სიტყვას სკანდირებდნენ მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით. 

აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა ზურაბიშვილს მათთვის არ უპასუხია. ქვეყნის პრეზიდენტს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია  

სალომე ზურაბიშვილის ვახშამს სალობიეში დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ.

„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.  

„სალობიეში ყოფნა დანაშაული არ არის, თუმცა მე თავს შევიკავებდი“, - ასე პასუხობს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია. 

ხმაურიანი ვახშმის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი მედიასთან აღარ გამოჩენილა და არც იმ მოქალაქეებისთვის უთქვამს არაფერი, ვინც ბოლო დღეებია აქციას ესწრებიან და 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

 


close დახურვა