მთავრობის მიერ წარმოდგენილ სტრატეგის ეკონომისტები აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის დაწყება მისასალმებელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ტურიზმის მიმართულებით ხდება.
ასევე ეკონომისტები დადებითად აფასებენ წარმოდგენილ შეღავათებს, თუმცა შენიშვნები აქვთ გეგმის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმროების სუბსიდირებას ითვალისწინებს.
როგორც ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, ბიზნესები რომლებიც გაჩერდნენ, ყველა ტიპის გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ.
„რაც მალე გაიხსნება ქვეყანა მით უფრო სწრაფად შევძლებთ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ასეთ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში არ ვიყოთ. არა მხოლოდ ქონების გადასახადისაგან, არამედ ყველა ტიპის გადასახადისგან უნდა გაეთავისუფლებინათ ეს ბიზნესები, რომლებიც გაჩერდნენ. რაც შეეხება სუბსიდირებას, ეს არასწორი მოქმედებაა. სუბსიდირებას ისევ სჯობს გაათვაისუფლო საშემოსავლო ქონების და ყველა ამ ტიპის გადასახადისგან“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ფინანსიტის გიგა ბედინეიშვილის თქმით კი, რაც უფრო სწრაფად აღდგება ტურიზმი მით უფრო უკეთესი იქნება.
„ყველა ნიშანია იმის, რომ ეს მძიმე კარანტინი ბევრს ვერაფერს აკეთებს. თუ ვინმეს მოუნდება ამ სიტუაციაში მოგზაურობა და საქართველოში ჩამოსვლა, მგონი რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ტურიზმს მით უფრო უკეთესი იქნება. ქონების გადასახადი უნდა გაუქმდეს ყველა სექტორში“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.