logo
ENG



გიგა ბოკერია: იმ საქმეზე, რაზეც უკვე იჯდა გიგი სამი წელი, შეიძლება ციხეში შეაბრუნონ

09 თებ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

დააბრუნებს თუ არა ციხეში სასამართლო გიგი უგულავას, ეს ხვალ გახდება ცნობილი. პროცესი უზენაეს სასამართლოშია დანიშნული. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება, ანუ პროცესს მხარეები არ დაესწრებიან.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლოში საქმის ხელახლა შებრუნება იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა გიგი უგულავა კვლავ დააკავონ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გიგი უგულავას საქმეს შალვა თადუმაძე განიხილავს, რომლის აცილებასაც გიგი უგულავა ითხოვს.

„ერთი უმნიშვნელოვანესი დარღვევა არის ის, რომ საქმეს იხილავს მოსამართლე, რომელიც სააპელაციო და საკასაციო განხილვის მომზადებისას იყო გენერალური პროკურორი. ერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროკურატურას და ახლა წარმოადგენს სასამართლოს. მეორე შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ზეპირი მოსმენის გარეშეა. მართალია, ამის შესაძლებლობას კანონი აძლევს, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება საქმე, რა დროსაც დაცვის მხარეს საკუთარი მოსაზრებების დაცვის უფლება არ ექნება. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ წელიწად-ნახევრის წინ მსგავს საქმეზე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პროკურატურის საკასაციო საჩივარი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ საქმეზე, რაზეც უკვე იჯდა გიგი სამი წელი. მისივე განცხადებით, სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოკერიას თქმითვე, ივანიშვილი თუ იმ გზას გააგრძელებს, რომლითაც ახლა მოქმედებს თავს დაიღუპავს.

„იმ საქმეზე, რაზეც უკვე იჯდა გიგი სამი წელი, შეიძლება შეაბრუნონ ციხეში. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სასამართლოს რასაც ეტყვიან იმას აკეთებს და რა თქმა უნდა ინტერესთა კონფლიქტიც არის. თუ ივანიშვილი ამ გზას გააგრძელებს, თავს დაიღუპავს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავება. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს.


close დახურვა