სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის საქმესთან დაკავშირებით ძალაში დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიგაური ავრცელებს. როგორც ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ მას 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებით შეხება არ ჰქონია.
"დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმე ეხება ჩემ საჩივარს ბიძინა ივანიშვილის ორი სატელიტის წინააღმდეგ ვინც მე 12 წლის წინ დანაშაულის ჩადენას მაბრალებდა. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ სასამართლომ :
1. დაადგინა, რომ მე არანაირი შეხება 7 ნოემბრის დარბევასთან არ მაქვს, არ ვიდექი ჯოხით ხელში და არ ვხელმძღვანელობდი დარბევას და მითუმეტეს არ ვაჯილდოვებდი ამისთვის ხალხს ( ამ სისულელეს განვიხილავდით სასამართლოს დარბაზში).
2. ამავდროულად სასამართლომ თქვა, რომ ეს ხალხი ამ ყალბ ინფორმაციას რომ ავრცელებდა და ამაზე საჯაროდ ყველა სახელისუფლებო მედიის ეთერში ( სადაც ზუსტად ამაზე სალაპარაკოდ ხშირად იწვევდნენ) 4 წლის განმავლობაში საუბრობდა, ასევე ამის შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ტროლების და დასპონსორებული ყალბი ვებ გვერდების მეშვეობით ამ ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ, ეს ყველაფერი ჩემი რეპუტაციის შელახვის მიზნით არ კეთდებოდა. ეს ადამიანები უბრალოდ საკუთარ აზრს გამოთქვამენ და ბიძინას დავალებებს არ ასრულებენ. მოსამართლეებმა ძაბუნიძე, მაკარიძე და ქირიამაც რა თქმა უნდა ჩათვალეს, რომ იდენტურ საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ნაკლებად კომპეტენტური იყო და მათ უკეთ იციან მსგავს საქმეზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამ ყველაფერში მე პირადად 30 თეთრი მადარდებს, რაც ჩემთვის მორალური ზიანისთვის უნდა გადაეხადათ დანარჩენს სტრასბურგი მიხედავს", - წერს გიგაური Facebook-ში.