logo
ENG



გიგი უგულავა: შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის

31 აგვ 202117:24
3 წუთის საკითხავი
 
გიგი უგულავა: შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. კერძოდ, ცნობა არ გასცა შსს-ს მომსახურების სააგენტომ. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს:

"შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ".

ფორმულასთან საუბარში გიგი უგულავა პოლიტიკურ დავალებას უწოდებს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ.

მისივე თქმით, მსგავსი ცნობა მომსახურების სააგენტომ მისთვის შარშანდელ არჩევნებზე ჩვეულებრივ გასცა.

"რაც ახლა ხდება, ესაა აბსურდის თეატრი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, თევზი თავიდან რომ ყროლდება. ამათ არაფერი არ იციან აქ. თბილისიდან უთხრეს, რომ მე არ მაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში. [...] ეს საბუთი მჭირდებოდა შარშანაც. შარშან მე კენჭს ვიყრიდი და ეს მთელმა საქართველომ იცის. შარშანდელის მერე არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, რაც მე გავარკვიე, 126-ე მუხლს იძახიან. ეს არის ძიუდოისტი რომ ჩამიდეს, მე რომ ძიუდოისტს ვცემე, ეგ საქმე. ამ საქმეზე სასამართლოს არ აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება. [...] 

ადგილზე ვითხოვ მომეცით ფურცელი, რომლითაც წავალ სასამართლოში, ვნახავ დალპა შსს თუ ზემოდან სასამართლოც", - ამბობს უგულავა. 

გიგი უგულავა ფოთში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია, თუმცა ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც აქვს.


close დახურვა