logo
ENG



გიგი უგულავა მორიგი დაკავებისთვის ემზადება

06 თებ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავა დაკავებისთვის ემზადება, ამის საფუძველს კი მას აძლევს უზენაეს სასამართლოში ახლად დანიშნული შალვა თადუმაძის ხელით თაროდან გადმოღებული საქმე, რომელზეც ოპოზიციის ლიდერმა სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადა, ახლა კი მუხლი შეუცვალეს. 

უგულავას ადვოკატები თადუმაძის აცილებას მოითხოვენ, სწორედ ის იყო გენერალური პროკურორი მაშინ, როდესაც უგულავას საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა. რამდენიმე დღეში კი იმავე საქმეზე თადუმაძემ მოსამართლის რანგში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ გარემოებების ერთობლიობა ადვოკატებს და უგულავას კოლეგებს არწმუნებს იმაში, რომ ოპოზიციის აქტიური ლიდერის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირველი პოლიტიკური დავალებაა, რომელიც ახლად გამწესებულმა უვადო მოსამართლეებმა უნდა შეასრულონ. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ისევ დაიჭერენ შალვა თადუმაძის ხელით, რომელიც უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. ე.წ. ფონდის საქმის გაცოცხლებას გიგი უგულავა პოლიტიკურ დევნად აფასებს. ის დარწმუნებულია, რომ მისი დაჭერა ოპოზიციას კიდევ უფრო გააერთიანებს.

საქმე, რომელზეც ყოფილი მთავარი პროკურორი გადაწყვეტილებას 10 თებერვალს ზეპირი მოსმენით გამოაცხადებს, თბილისის განვითარების ფონდს უკავშირდება. ამ საქმეზე 2018 წლის თებერვალში საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. უგულავას ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ფონდის საქმე სასამართლოში უვადოდ განწესებულმა მოსამართლეების პირველი პოლიტიკური დავალებაა. მან უზენაეს სასამართლოში განცხადება შეიტანა და შალვა თადუმაძის აცილება მოითხოვა. 

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი იყო მაშინ, როდესაც უგულავას საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა -ასევე, საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში. ორშაბათს, კი იგივე საქმე მან მოსამართლის როლში უნდა განიხილოს. გარემოებები, რომელიც საქმის ადვოკატისთვის მოსამართლის აცილების საფუძველია, კითხვის ნიშნებს არ უჩენს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

შალვა თადუმაძის დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ ექსპერტებიც აყენებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თადუმაძეს უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მათი შეფასებით, ეს კონკრეტული შემთხვევა, თადუმაძის როგორც მოსამართლის პრობლემასაც ააშკარავებს, რადგან ბევრი საქმე, რა დროსაც თადუმაძე პროკურორი იყო უზენაეს სასამართლოში მოხვდება. სამართლებრივად კი ყველა მომჩივანს შეეძლება ამ არგუმენტით მისი აცილება მოითხოვოს. 


close დახურვა