logo
ENG



გიგი უგულავა პრემიერის განცხადებაზე: ქართული ოცნება საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზე აფეთქდება

01 ნოე 201917:36
3 წუთის საკითხავი
 
qbdfgtyfrov0tkr.jpg

პრემიერის განცხადებას საკუთარ ნაღმზე აფეთქებას უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავრობა თავისი დანაშაულების დასაფარად, ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს.

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, გიორგი გახარია უკვე ნაცადი ხერხით, ნაცქოცური დაპირისპირებით ცდილობს გავიდეს ფონს. მისივე თქმით ხელისუფლება საკუთარ ნაღმზევე აფეთქდება.

"იარა, ქექა, იჩალიჩა პატრიარქის გადაყენება, ტრაგედია დაატრიალა რუსთაველზე და ისევ მოადგა ოპოზიციას. ახლა ცდილობს, რომ ნაცადი ხერხით, ნაცქოცური დაპირისპირებით გავიდეს ფონს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ პოლიტიკურ ნაღმზევე აფეთქდება "ქართული ოცნება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ნაციონალურიო მოძრაობის" წარმომადგენლის რომან გოცირიძის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყება აუცილებელია და ამის არ დაწყება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შეთქმულების მონაწილეებს ხელს აფარებს.

"გახარია, რომელიც მონაწილეობდა საეკლესიო გადატრიალებაში, რომელსაც უნდოდა ჩაეთრია სასულიერო პირები, მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან და მაშინდელ შსს მინისტრთან ერთად ფაქტობრივად არის დამნაშავე და არის ამ პროცესების პროვოკატორი. ასევე, გამოძიება, რომელსაც არ იწყებს ხელისუფლება, ფაქტობრივად არის აუცილებელი და გამოძიების არ დაწყება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაგეგმა ეს არნახული შეთქმულება, სადაც პატრიარქის ჩანაცვლება იყო დაგეგმილი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წვერმა რომან გოცირიძემ

საკითხზე კომენტარს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც აკეთებს, მისი განცხადებით, ყოველთვის ყველას ჰონდა ცდუნება, ის უდიდესი ავტორიტეტი რაც აქვს ეკლესიას გამოეყენებინა.

"ყველა თავის ვერსიას აყალიბებს, ყველა ცდილობს სადღაც ვიღაცისკენ გაიშვიროს ხელი და რაღაც მითიური ლეგენდები დახატოს. ერთი რამ არის ცხადი, ყველა ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ეკლესიისკენ ხელის გაშვერას, ცდილობდა თავისი გავლენების ქვეშ მოქცევას, ყველას ჰქონდა ცდუნება, რომ ის უდიდესი ავტორიტეტი რაც აქვს ეკლესიას გამოეყენებინა. ამიტომ, ვის რა ზრახვები აქვს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა განცხადება საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. მისი განცხადებით, ყველამ თავი უნდა შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა ქვეყნის მომავალს პრობლემა არ შეექმნას. 

"დღეს გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი და მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობის მიმართ. დღეს როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. ეს არის დაუშვებელი და ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის ეკლესიის სიმბოლო, და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ  ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე," - აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარია საპატრიარქოშიც იყო მისული, სადაც ის სავარაუდოდ პატრიარქს შეხვდა. პრემიერი საპატრიარქოში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.


close დახურვა