სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისმა პარტიამ მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.
ვაშაძის შეფასებით, დოკუმენტი, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, "რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად".
"ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა:
ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში;
ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.
შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი 5-პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს ქართული ოცნების სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოშორებისთვის". - ამბობს ვაშაძე.
მისივე თქმით, საჭიროა ფიქრი პრაგმატული მიდგომებით.
"ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი;
ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად;
ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა;
ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა;
დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა.
დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის". - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა "გირჩის" სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ.
მმართველი პარტია, ქართული ოცნება აცხადებს, რომ რომ დოკუმენტს გუნდთან ერთად განიხილავს, "განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კი პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას".
დოკუმენტის ხელმოწერას ემხრობა გიგი უგულავა, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.